English / ქართული /








Journal number 2 ∘ Vladimer Papava
Economic Growth in the Eastern Partnership Countries

Excluding the catch-up effect is of special importance in making a quantitative assessment of the differences between the economic growth indicators of the countries. For this purpose, the method based upon the proportional overlap hypothesis can be used. Unfortunately, the economic growth types of the Eastern Partnership countries are not satisfactory. It is clear that characteristic to these countries are falling behind (or, more accurately, extremely falling behind) and coat-tail growth.

Keywords: Economic Growth; Catch-Up Effect; Eastern Partnership Countries.

JEL Codes: O47, O52, P29

ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში

ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს შორის განსხვავების რაოდენობრივი შეფასებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკვეთრი ზრდის ეფექტის გამორიცხვას. ამ მიზნით შესაძლებელია იმ მეთოდის გამოყენება, რომელიც ეფუძნება პროპორციული გადაფარვის ჰიპოთეზას.

სამწუხაროდ, არადამაკმაყოფილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტიპი. აშკარაა, რომ ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ეკონომიკური ზრდის ისეთი ტიპები, როგორიცაა ჩამორჩენილი ზრდა(უფრო ზუსტად კი უკიდურესად ჩამორჩენილი ზრდა) და კუდში მიმდევარი ზრდა.

საკავანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა; მკვეთრი ზრდის ეფექტი; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში შედის ექვსი ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. მათთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ეკონომიკური ზრდა აქვთ, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მახასიათებლებით.
წინამდებარე კვლევის მიზანია იმის გარკვევა, თუ რაოდენობრივად როგორ ხასიათდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასებისთვის გამოვიყენებთ მსოფლიო ბანკის მონაცემებს გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე და ამ უკანასკნელიდან მაქსიმალურად დაშორებული პერიოდისთვის. კერძოდ კი, ანალიზი მოიცავს 2006 და 2016 წლებს. ამით შევეცდებით მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ამ კრიზისის ზეგავლენა კვლევაში მოცემული ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებლები აღებულია საერთაშორისო დოლარში, მისი მყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP – purchasing power parity) გათვალისწინებით.
ეკონომიკური ზრდის გაზომვისათვის, როგორც ცნობილია, გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც ასახავს რეალური მშპ-ის ცვლილების (ანუ მშპ-ის შესადარი და ბაზური პერიოდების სხვაობის) შეფარდებას რეალური მშპ-ისბაზური პერიოდის მაჩვენებელთან. ამ მაჩვენებელს ეკონომისტები გამოიყენებენ იმისთვის, რომ გაზომონ მოცემული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ის, თუ როგორ იცვლება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლების განმავლობაში. ამ მაჩვენებლით ორი ან მეტი ქვეყნის შედარება შეუძლებელია. კერძოდ, ამ შემთხვევაში, კაპიტალის კლებადი უკუგების გამო, სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური განვითარების შედარებით დაბალი დონის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალი დონის მქონე ქვეყნებში. ამ მოვლენას მკვეთრი ზრდის ეფექტი ჰქვია [1, გვ. 532-533; 2, გვ. 546-547].
თუკი განვიხილავთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს [3], ადვილი შესამჩნევია, რომ გლობალური კრიზისის წინა 2006 წელს, ეკონომიკური ზრდა აშკარად უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2016 წელს (იხ. ცხრილი 1). ცხრილი 1-ის საფუძველზე, მკვეთრი ზრდის ეფექტის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია გავარკვიოთ, თუ რომელი ქვეყნის ეკონომიკას ახასიათებს ევროკავშირის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით დამწევი ზრდა, კუდში მიმდევარი ზრდა, თუ ჩამორჩენილი ზრდა [4; 5; 6, გვ. 34-35]. მაგალითად, ის, რომ 2006 წელს აზერბაიჯანში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ფაქტობრივი ეკონომიკური ზრდა (34,5%), სულაც არ ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში აუცილებლად ადგილი ჰქონდა მოწინავე ზრდას [6,გვ. 34]. აშკარაა, რომ ცხრილში (1) მოცემული ქვეყნების ეკონომიკისთვის დამახასიათებელია ნეკროეკონომიკა [7]. შესაბამისად, უფრო დაბალ სასტარტო პირობებში (რომლებშიც ეკონომიკური განვითარების დონით პოსტკომუნისტური ქვეყნები აღმოჩნდნენ) შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მკვეთრი ზრდის ეფექტის გამო უფრო ადვილია, ვიდრე არაპოსტკომუნისტურ ქვეყნებში.
ეკონომიკური განვითარების დონე კი, როგორც წესი, ფასდება მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის მოცულობით. აშკარაა, რომ ეს მაჩვენებელი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებითად განსხვავებულია (იხ. ცხრილი 1) [8].

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური 
განვითარების დონის მაჩვენებლები 2006 და 2016 წლებში.

ცხრილი 1

მაშასადამე, იმისთვის, რომ შევძლოთ ეკონომიკური განვითარების დონით სხვადასხვა სასტარტო პირობების მქონე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შედარება, აუცილებელია მკვეთრი ზრდის ეფექტის გამორიცხვა, რაც შესაძლებელია, მაგალითად, იმ მეთოდის გამოყენებით, რომელიც პროპორციული გადაფარვის ჰიპოთეზას ეფუძნება [9; 10]. კერძოდ, ჰიპოთეზის დონეზე შევთანხმდეთ, რომ რამდენადაც ეკონომიკურად უფრო განვითარებულია ერთი ქვეყანა მეორესთან შედარებით, იმდენად უფრო ძნელია პირველი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდის იმავე დონის მიღწევა, რასაც მეორე ქვეყანამ მიაღწია.
წინამდებარე კვლევის მიზნებიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ „ეტალონური” მაჩვენებლის სახით აღებული იყოს ევროკავშირის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე), რადგან სწორედ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ევროკავშირის ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური განვითარების დონესთან მისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარება.
მკვეთრი ზრდის ეფექტის პროპორციული გადაფარვის კოეფიციენტები (ანუ ევროკავშირის მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის მაჩვენებლის თანაფარდობა შესაბამისი ქვეყნების იმავე მაჩვენებლებთან) მოცემულია ცხრილში 2. ამ ცხრილში წარმოდგენილი პარამეტრები გვიჩვენებს, თუ რამდენჯერ მეტი ან ნაკლებია მთელ ევროკავშირში წარმოებული მშპ მოსახლეობის ერთ სულზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეული ქვეყნის შესაბამის მაჩვენებელზე.

მკვეთრი ზრდის ეფექტის პროპორციული გადაფარვის კოეფიციენტები (ევროკავშირის მოსახლეობის ერთსულზე მშპ-ის მაჩვენებლის თანაფარდობა შესაბამისი ქვეყნების იმავე მაჩვენებლებთან)

ცხრილი 2


მკვეთრი ზრდის ეფექტის პროპორციული გადაფარვის კოეფიციენტებით ხდება ცხრილ 1-ში მოყვანილი ეკონომიკური ზრდის ტემპების კორექტირება. კერძოდ, ეს უკანასკნელი მაჩვენებლები ხსენებული პროპორციული გადაფარვის კოეფიციენტებზე უნდა გაიყოს. ეკონომიკური ზრდის კორექტირებული მაჩვენებლები მოცემულია ცხრილში 3.

ეკონომიკური ზრდის კორექტირებული მაჩვენებლები

ცხრილი 3

თუკი შევადარებთ ცხრილში 3 მოცემულ ეკონომიკური ზრდის კორექტირებულ მაჩვენებლებს ცხრილში 1 მოცემულ ფაქტობრივ მაჩვენებლებს, არსებით განსხვავებას დავინახავთ.
იმისთვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ ეკონომიკური ზრდის კორექტირებული მაჩვენებლების მიხედვით რაოდენობრივად რა თანაფარდობაა ევროკავშირის არაპოსტკომუნისტურ და პოსტკომუნისტურ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მიზანშეწონილია ამ მაჩვენებლების გრაფიკული წარმოდგენა. ამისათვის კი აუცილებელია ყველა მოცემული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის რანჟირება ევროკავშირის ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით. ამ მიზნით, ქვეყნების მიხედვით მშპ მოსახლეობის ერთ სულზე გავყოთ ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებელზე. შესაბამისი მაჩვენებლები ასახულია ცხრილში 4.

ქვეყნების მიხედვით მოსახლეობის ერთს ულზე მშპ-ის მაჩვენებლების თანაფარდობა
ევროკავშირის იმავე მაჩვენებელთან

ცხრილი 4

აშკარაა, რომ უფრო ზუსტი დიაგნოზის გაკეთებისათვის, თუ როგორი ტიპის ეკონომიკური ზრდაა დამახასიათებელი ზემოგანხილული ქვეყნებისათვის, მარტო მკვეთრი ზრდის ეფექტის გამორიცხვა არ არის საკმარისი _ საჭიროა მაჩვენებელთა მთელი სისტემის გამოყენება [11]. ამასთან, სასურველია მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროითი მწკრივის აღება, რომ უკეთ გამოჩნდეს ეკონომიკური ზრდის ტენდენცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ დროითი მწკრივიდან გამოირიცხოს გლობალური თუ რეგიონული ეკონომიკური და საფინანსო კრიზისების პერიოდები, რათა კრზისმა, თავის მხრივ, არ დაამახინჯოს ეკონომიკური ზრდის შესასწავლი ტიპის გამოვლინების სურათი.
მკვეთრი ზრდის ეფექტის გამორიცხვის შემდეგაც, 2006 წელს, მკაფიოდ გამოკვეთილი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა აზერბაიჯანი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნისთვის დამწევი ზრდაა დამახასიათებელი. თუკი გავიხსენებთ, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის აშკარა მახასიათებელია ნავთობისა და გაზის მოპოვება და ექსპორტი (რითაც გამორჩეული იყო თუნდაც 2006 წელი [12]), უდავოა, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტიპი არის კუდში მიმდევარი ზრდა.მსოფლიო ბაზრებზე ნავთობზე ფასების კლება კი საკმაოდ მტკივნეულად აისახა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, რაც 2016 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყურადსაღები მიზეზია.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი დამწევი ზრდის ტიპი და, სამწუხაროდ, მათი ეკონომიკური ზრდის ტიპი ან ჩამორჩენილი ზრდაა (შესაძლოა, უკიდურესად ჩამორჩენილი ზრდაც [13]), ან კუდში მიმდევარ ზრდა. ის, თუ კონკრეტულად რომელია, ამისთვის საჭიროა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მახასიათებლების ცალკე შესწავლა.
თითოეული ქვეყნის მიხედვით ეკონომიკური ზრდის ტიპის მეტი სიზუსტით შესწავლის მიზნით, მას შემდეგ, რაც მოხდება მკვეთრი ზრდის ეფექტის გამორიცხვა, საჭიროა მაჩვენებელთა სპეციალური სისტემის გამოყენება.

ლიტერატურა:

1. მენქიუ გ. ეკონომიკის პრინციპები. თბილისი, დიოგენე, 2008.
2. Mankiw N.G. Principles of Economics. Mason: Thomson South-Western, 2004.
3. WB, “GDP Growth (Annual %).” World Bank, 2018, .
4. Abramovitz M. “Catching Up, Forging Ahead, and Falling Behind.” The Journal of Economic History, 1986, Vol. 46, No. 2, .
5. Gottinger H.-W. “Economic Growth, Catching Up, Falling Behind and Getting Ahead.” World Review of Entrepreneurship, Management and Sustainable Development, 2005, Vol. 1, No. 2.
6. Hudson E. A. Economic Growth: How it Works and how it Transformed the World. Wilmington: Vernon Press, 2015.
7. Papava V. “Necroeconomics – the Theory of Post-Communist Transformation of an Economy.” International Journal of Social Economics, 2002, Vol. 29, No. 9-10.
8. WB, “GDP Per Capita, PPP (current international $).” World Bank, 2018, .
9. Papava V. “Economic Growth in the Central Caucaso-Asian Countries Adjusted for the CatchUp Effect.” Central Asia and the Caucasus, 2012, Vo. 13, No. 4.
10. Papava V. “The Catch-Up Effect and Regional Comparisons of Growth Indicators (With the Eastern Partnership Countries as an Example).” Problems of Economic Transition, 2014, Vol. 57, No. 3.
11. UNIDO. Capability Building for Catching-Up. Historical, Empirical and Policy Dimensions. Vienna: United Nations Industrial Development Organization, 2005.
12. Papava V., Bagirov S., et al. Energy Trade and Cooperation Between the EU and CIS Countries. CASE Network Reports, No. 83. Warsaw: CASE – Center for Social and Economic Research, 2009, p. 50, .
13. Papava V. “Frontier Growth, Catching Up, Falling Behind and Extremely Falling Behind.” The Market Oracle, May 21,